პასკალის სამკუთხედი. ცოტა რამ ალბათობის შესახებ

სჯობს ცოტა რამ იცოდე ყველაფერზე, ვიდრე ყველაფერი იცოდე მხოლოდ ერთი რამის შესახებ. ბლეზ პასკალი 

ბლეზ პასკალი საფრანგეთში, კლერმონ-ფერანში დაიბადა 1623 წლის 19 ივნისს. მამამისი, საფინანსო-სასამართლო პალატის თავმჯდომარე, დიდად განსწავლული ადამიანი იყო. ბლეზმა მეტად ნაადრევად, სამი წლისამ, დაკარგა დედა _ ანტუანეტა ბუგონი; მას შემდეგ მამა თავად ზრდიდა პატარა ბლეზს და კიდევ ორ ქალიშვილს _ უფროსს, ჟილბერს, (შემდგომ ფლორენ პერიეს რომ გაჰყვა ცოლად) და უმცროსს, ჟაკლინს (ვინც მერმის მონაზვნად აღიკვეცა). პასკალს არც სკოლაში უსწავლია, არც უნივერსიტეტში, ყველაფერს მამამისი ასწავლიდა.

 
 

პასკალის ფერადი სამკუთხედი

ყრმობის ჟამსვე პასკალმა არაჩვეულებრივი ნიჭიერება გამოამჟღავნა: სულ 16 წლისა იყო, როცა დაწერა ტრაქტატი _ ცდა კონუსური კვეთის თეორიისა. 1642 წელს (გალილეო გალილეის გარდაცვალებისა და ისააკ ნიუტონის დაბადების თარიღია), როცა 19 წელი შეუსრულდა, პასკალმა პირველი გამომთვლელი მანქანა შექმნა. შემდეგ წლებში კიდევ შვიდი ასეთი მანქანა ააგო, ზოგიერთი შემონახულია კიდეც. მას თავისი გამოგონების პრინციპული მნიშვნელობა ესმოდა, ამიტომ პასკალი უნდა ჩაითვალოს კიბერნეტიკის პიონერად. ამას გვიდასტურებს მისი ნათქვამი: გამომთვლელ მანქანას ძალუძს შეასრულოს იმგვარი მოქმედებანი, რანიც აზროვნებასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ყოველივე ის, რისი უნარიც ცხოველებს შესწევთ.

1648 წელს პასკალმა მრავალნაირი ვარიანტის  სახით გაიმეორა ცდა და ამომწურავად ახსნა ატმოსფერული წნევის არსებობა. დაამტკიცა, რომ ჰაერის წნევა (ატმოსფერული წნევა) ზღვის დონიდან ათვლილი სიმაღლის მიხედვით იცვლება, აღმოაჩინა ჰიდროსტატიკის ძირითადი კანონი პასკალის კანონი და ჰიდრავლიკური წნეხის აგების პრინციპი. მეცნიერული კვლევა-ძიებისას პასკალი მტკიცედ მისდევდა ექსპერიმენტულ მეთოდს (იგი პირველად გალილეო გალილეიმ გამოიყენა) და ცრურწმენათაგან თავისუფალ ლოგიკურ აზროვნებას, ოღონდ დარწმუნებული გახლდათ რელიგიის საკითხებში ჭეშმარიტებას ვერ მივწვდებითო ოდენ აზროვნების შემწეობით; საამისოდ რწმენაც არისო საჭირო.

1653 წელს თავის დიდგვაროვან მეგობრებთან _ ჰერცოგ დე როანესთან, კავალერ დე მერესთან და დამიენ მიტონთან _ ერთად იგი პუატუს მიემგზავრებოდა. ამ მგზავრობისას დე მერემ პასკალს ორი შეკითხვა დაუსვა აზარტული თამაშების გამო; ამ კითხვებთან დაკავშირებით 1654 წელს პასკალს მიწერ-მოწერა ჰქონდა ფრანგ მათემატიკოსთან პიერ ფერმასთან (1601-1665), სწორედ მაშინ ჩაისახა ალბათობის თეორია. იმავე 1654 წელს განეკუთნება პასკალის შრომები ეგრეთ წოდებულ პასკალის სამკუთხედზე და მასთან დაკავშირებულ კომბინატორიკის საკითხებზე. კომბინატორიკისადმი ინტერესს განსაზღვრავდა ფრანგი სწავლულის თეორიულ-ალბათობითი გამოკვლევები… იგი გარდაიცვალა 39 წლისა, 1662 წლის 19 აგვისტოს.

 

პასკალის სამკუთხედი

როგორც პიროვნება, პასკალი ამაყი და თავმოყვარე ყოფილა, მაგრამ ამავე დროს მეტად გულუხვი და მოწყალე. იგი ყოველთვის ხელს უმართავდა გაჭირვებულთ, გლახაკთ, ყოფილა შემთხვევა თვითონ არა ჰქონია, ვალი აუღია და სხვა გაუკითხავს. იგი დიდად აფასებდა ადამიანის გონიერებას… მთელი ჩვენი ღირსება აზროვნებაა. სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომელშიც ჩაკარგულნი ვართ, როგორც ქრთილის მარცვლები. მაშ, ვეცადოთ ვიაზროვნოთ ღირსეულად. აი, ზნეობის საფუძველთა საფუძველი”.

უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ:

http://analemma.ge/wp-content/uploads/2010/01/Azris-Jachvi-51-96-gv.pdf

You can leave a response, or trackback from your own site.

Leave a Reply

You must be logged in to post a comment.

Powered by WordPress | Buy Free Cell Phones with Cheap Plans. | Thanks to CD Rates, Savings Accounts and Conveyancing